სამოქალაქო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების მიმართ სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით უწყებებს მიმართავენ.
მათი თქმით, აქციებზე დაკავებული ყველა ადამიანის - 169 პირის გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.
9 ორგანიზაცია შსს-ს, პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, შეწყდეს საქმის წარმოება, გაუქმდეს დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები და გამოიძიონ სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტები.
სამოქალაქო ორგანიზაციების განცხადება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გათავისუფლდა. ადმინისტრაციული დაკავებიდან მათი გათავისუფლება არ გულისხმობს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტას. შესაბამისად, დაკავებიდან გათავისუფლების მიუხედავად, მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება ამ დრომდე მიმდინარეობს.
2023 წლის 2-3 მარტსა და 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 169 პირი დააკავა.
მოვუწოდებთ:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს - აქციის მიმდინარეობისას დაკავებული ყველა პირის მიმართ, რომელთა საქმეებიც ამ დრომდე სასამართლოს არ განუხილავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება;
- პროკურატურას - გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროკურორის პროტესტით მიმართვის შესაძლებლობა, რათა გაუქმდეს სასამართლოს მიერ დაჯარიმების შესახებ მიღებული დადგენილებები;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და სხვა შემთხვევების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
Women's Initiatives Supporting Group
სამართლიანი არჩევნები (ISFED)
Rights Georgia / უფლებები საქართველო
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.
რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.
9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.